Friday, March 4, 2011

ქართული სოფლის მეურნეობა, ნაწილი 1: "უფრო მეტი" მიწა


სურათზე: კივის პლანტაციისთვის საყრდენი სტრუქტურის გამართვა იმ მიწაზე
რომელიც 1991 წლის შემდეგ დაუმუშავებელი იყო


როგორ მოვიყვანოთ მეტი მოსავალი, როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტი და დავიწყოთ ექსპორტი? ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი აზრები და ვეცდებით "real life" სურათი დაგანახოთ. ნერგეტას დამფუძნებელთა ჯამური გამოცდილება აგრობიზნესში მოიცავს 10 წელს და ის თითქმის მთლიანად სამეგრელოსთან არის დაკავშირებული. ჩვენც სამეგრელოს მაგალითს განვიხილავთ, რომელიც პრინციპში ანალოგიურია გურიის და აჭარის მდგომარეობასთან.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბევრი რამ არის საჭირო მაგრამ პირველ ნაწილში ვისაუბროთ მთავარზე:  პირველადი წარმოების(იგულისხმება პლანტაციები) რაოდენობრივი ზრდა ანუ უფრო მეტი ახალი მიწების დამუშავება

უფრო მეტი მიწა რომ დამუშავდეს ამისათვის  ფერმერებს და კომპანიებს უნდა შეეძლოთ ამ "უფრო მეტი" მიწის შეძენა.

რა უშლის ხელს:

1) მიწების ნაკლებობა, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილია არცთუ ნაყოფიერი მიწები, სახელმწიფოსგან მიწის შეძენა რთულია რადგან თუ ესა თუ ის ნაკვეთი ადრე არ ყოფილა იჯარით გაცემული მისი შესყიდვის "პირველი უფლება" აქვს იმ სოფლის მაცხოვრებელს რომელი სოფლის ტერიტორიაზეც არის აღნიშნული მიწა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს არათუ დამუშავების, არამედ შესყიდვის ფულიც არ აქვთ და ვერც ისინი ყიდულობენ და ვერც "არაადგილობრივი" კომპანიები და ფერმერები.

2) "იძულებითი" მიწის მფლობელები: 1991-1992 წლებში მდინარის პირა ნაყოფიერი მიწები გადაეცა ადგილობრივ მცხოვრებლებს. გადაეცათ უკიდურესად დაქუცმაცებული ნაკვეთები: 2000-4000-5000კვ.მ. ადამიანები რომლებიც კომუნისტების დროს მუშაობდნენ მასწავლებლებად, ბრიგადირებად და მძღოლებად და გააჩნდათ "საკმარისი" ანაზღაურება და მუდმივი სამუშაო, უცბად მასობრივად დარჩნენ "სამსახურისა" და ყოველგვარი ხელფასის გარეშე. ეს იყო დრო როდესაც პურის ფქვილის ფულიც არ ჰქონდათ. მათთვის ის მცირე მდინარისპირა ნაკვეთები გახდა "გარანტირებული ღომისა და მჭადის" (ანუ პურის შემცვლელების) ერთადერთი წყარო. სამწუხაროდ ამ ადამიანთა უმეტესობას დღემდე არა აქვს "სამსახური". ამის გამო ყველაზე ნაყოფიერი მიწები ცდება სიმინდის(და ისიც დაბალმოსავლიანი ჯიშის) მოსაყვანად. თუ ეს ადამიანები იშოვიან "სამსახურს" და მიიღებენ დამაკმაყოფილებელ ხელფასებს მაშინ ისინი სავარაუდოდ გაყიდიან ამ მდინარისპირა ნაკვეთებს და სავარაუდოდ გამოჩნდებიან ფერმერები რომლებიც შეიძენენ 20-30 ან თუნდაც 50 ასეთ 3000კვ.მ-იან ნაკვეთებს ანუ მოხდება გამსხვილება. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

3) კონფლიქტები ადგილობრივთა ინტერესებთან: იტალიური ფერეროს ქართულმა შვილობილმა კომპანიამ 2007 წელს სამეგრელოში შეიძინა მიწები, დაახლოებით 1200 ჰექტარი მაგრამ როდესაც მისი დამუშავება დაიწყო საკუთარი მიწების სრულად ათვისება ვერ შეძლო რადგან კუთვნილი ფართობების ნაწილში იქვე მაცხოვრებელმა ოჯახებმა არ შეუშვეს იმ მიზეზით რომ ამ მიწების შეძენა მათ თავადაც სურდათ. იმავე კომპანიამ სხვა სოფელში მიწის ყიდვა საერთოდ ვერ შეძლო იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამის წინააღმდეგი იყო. იმის მერე 3 წელი გავიდა და არც ადგილობრივებს უყიდიათ ის ნაკვეთები და არც ვინმე სხვას. ეს კი ნიშნავს მიწის როგორც ადგილობრივი ნაწარმის შექმნის საშუალების უქმად მოცდენასა და რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის ფაქტიურად წართმევას. ადგილობრივი მოსახლეობის არგუმენტი იყო ის რომ მათ სურდათ შეეძინათ ეს მიწები მაგრამ ვერ შეძლეს ამ მიწების შეძენა სახელმწიფოსგან და იძულებული გახდნენ თვითნებურად შემოეღობათ მათთვის სასურველი ნაკვეთები. ამის გარდა კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება ამის ახსნა. 1990 იან წლებში სახელმწიფო ფაქტიურად არ არსებობდა და ხალხი არც თვლიდა საჭიროდ თავიანთი ქმედებების კანონის ფარგლებში მოქცევას და ისინი სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმების (პრივატიზაცია) გარეშე დაეპატრონენ ამ ნაკვეთებს.


4) უკვე პრივატიზირებული მიწის შეძენა შეიძლება მაგრამ მსხვილი კერძო მიწისმფლობელები ხშირად ყოვლად არარეალურ ფასებს ითხოვენ. შეგიფასებენ 5000-10000$/ჰა და მიუხედავად იმისა რომ რეალური მყიდველი არ ჩანს, მაინც არ აკლებენ ფასს. მათი არგუმენტები ასეთია "საქართველო მალე ნატოში შევა და ფასი გაათმაგდება", "იტალიაში 1ჰექტარი 40 000ევრო ღირს". ნატოს არგუმენტზე არაფერს ვეუბნებით იმიტომ რომ ჩვენც გვინდა რომ შევიდეთ, იტალიის არგუმენტზე კი ვეუბნებით რომ იტალიაში ფულიც უფრო იაფია, ღობე და დაცვის დაყენება საჭირო არ არის, იტალიურ პროდუქტს ევროპაში თავის გაცნობის მიზნით დამატებითი ხარჯების გაწევა არ სჭირდება და რომ ბოლონიიდან ჰამბურგამდე სატვირთო მანქანა 2 დღეში ჩაიტანს პროდუქციას 1000 ევროდ, ზუგდიდიდან კი 15 დღე უნდა და 4000 ევრო მაგრამ ეს კონტრარგუმენტები არაფერს ცვლის. აქ საუბარია იმ მსხვილ მიწისმფლობელებზე რომლებიც ფლობენ მიწებს მაგრამ არ ამუშავებენ მათ და არა იმ მიწისმფლობელებზე რომლებიც ამუშავებენ.

5) მიწის სიმცირეს და უფრო სწორედ მიწების "უხერხულ განლაგებას" სამეგრელოსა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ერთი ისტორიული მიზეზიც იწვევს: იმავე იტალიისგან და თუნდაც კახეთისგან განსხვავებით აქ მოსახლეობა გაფანტულად სახლობს. ეს აქუცმაცებს მიწის მასივებს და მას ეკონომიკურ აზრს უკარგავს. მაგალითი: იყიდე 20  ჰექტარი მაგრამ ეს 20 ჰექტარი ერთიანი ნაკვეთი კი არაა  არამედ 3-4 ერთმანეთისგან ადგილობრივი მოსახლეების ეზოებით არის განცალკავებული და გიწევს ამ 20 ჰექტარის 4 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე შემოღობვა. წარმოიდგინეთ ეხლა 20 ჰექტარი, 4 ღობე, 4 ჭიშკარი, 4 ღამის დარაჯი და სხვა უხერხულობები.


6) ღამის დარაჯს რაც შეეხება, ამას კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ ბარიერთან მივყავართ: "მცირე" ქურდობები. სამეგრელოში და სხვაგანაც დღემდე წარმოუდგენელია პლანტაციის უმეთვალყურეოდ მიტოვება, განსაკუთრებით ღამით და განსაკუთრებით თუ პლანტაცია ახლად გაშენებულია ან მოსავლის აღების პერიოდია.  თუ საშუალო და დიდი კომპანიები მოახერხებენ დარაჯების აყვანას და მათთვის ხელფასის გადახდას, იგივეს გაკეთება ძალიან ძნელი იქნება მცირე ფერმერებისთვის, ისეთებისთვის რომლებსაც აქვთ 1 ან 2 ჰექტარი მიწა. ისევ მაგალითი: დარაჯისთვის საჭიროა ჯიხურის ჩადგმა, რაც 1000ლარი მაინც დაჯდება, მინიმუმ 15ლარი მაინც უნდა გადაუხადოს 1 მორიგეობაში, წელიწადში გამოდის 5475 ლარი, დაამატეთ საშემოსავლო გადასახადი და მიიღებთ 6570 ლარს. ეხლა თუ გავითვალისწინებთ რომ არცერთი ხილის კულტურა არ არის მოსავლიანი 1-ლი 4-5წელი გამოდის რომ პირველ მოსავლის აღებამდე მარტო ღამის დარაჯის ხარჯია 6570 x 4 = 26 280 ლარი.

 ყველა ჩამოთვლილი მიზეზი ან საერთოდ შეუძლებელს ხდის "უფრო მეტი" მიწის დამუშავებას (მაგალითად 1-2 ჰექტარიანი მცირე ფერმერისთვის) ან უფრო რთულსა და უფრო ძვირს ხდის ამ საქმიანობას საშუალო და დიდი მეურენეობებისათვის.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge

1 comment:

  1. არ შემიძლია არ დაგეთანხმო იმაში, რომ მიწები მთელს საქართველოში ნამდვილად დანაწევრებულია და ეკონომიკური ეფექტის შექმნა ძალიან რთულია.

    სოფლის მეურნეობაში კარგი მიწების შესყიდვა და გაერთიანება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, რომლის ამოღების პერიოდი ძალიან იწელება, ეს ზრდის რისკებს და შესაბამისად ინტერესს უკარგავს ინვესტორებს.

    ვფიქრობ, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს ეს მიწების პრობლემა, უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს მიწების დამუშავებას და განლაგებას, შეგვიძლია ფერმერი, რომელსაც გააჩნია ნაყოფიერი კარგი მიწა, დავავალდებულოთ, რომ ნაკვეთი უნდა იქნას დამუშავებული ან წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთი სტანდარტულ ფასად გაიყიდება ინვესტორზე, ვისაც აქვს სურვილი დაამუშაოს და მოიყვანოს მოსავალი.

    სოფლის მეურნეობის სფეროში უნდა შეიქმნას რეალური აქტივები, რაც შექმნის პროდუქტს, შექმნის სიმდიდრეს, ეს ნიშნავს მშპ გაზრდას და ეკონომიკის რეალურ ზრდას.

    სამწუხაროდ, მაშინ როცა ჩვენო სოფლის მეურნეობის მინისტრს ძროხები დაყოფილი აქვს "დედალ" და "მამალ" ძროხებად არაფერი გვეშველება.

    ადამიანი გაგებაში არაა სოფლის მეურნეობის, არ არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, არც მოკლე და არც გრძელვადიანი.

    ჩემი აზრით, პირველ რიგში ის ადამიანები უნდა შეიცვალოს ვინც მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობს და არა სოფლის განვითარებისთვის და მერე შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულად პრობლემებსა და მის გადაჭრის გზებზე. :)

    ReplyDelete