Sunday, May 15, 2011

რეგულაციები და სოფლის მეურნეობის განვითარება



სურათზე: სურსათის მწარმოებელი კომპანიის ტერიტორიაზე
ჰიგიენური უსაფრთხოების რეკომენდაციები


საქართველოში ერთი შეხედვით რეგულაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. ხშირად ეს უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი აღწერებისა და განმარტებების გარეშე გამოითქმის. რეგულაციების საწინააღმდეგოდ საზოგადოების განწყობა ადვილია რადგან მოქალაქეებს ახსოვთ თუ როგორ წერდნენ უკანონო გასამრჯელოს სანაცვლოდ დადებით დასკვნებს სანიტარული თუ სხვა უწყებების მოხელეები უხარისხო პროდუქციაზე. ამ წერილის მიზანია დავინახოთ ის დადებითი მხარეები რომლებიც რეგულაციებს გააჩნია მანამ სანამ მათი აღსრულება დეავალება კერძო სექტორს და მათ მაკონტროლებლებს. კონკრეტულად კი განვიხილოთ რეგულაციები სოფლის მეურნეობის სფეროში რომლებიც სურსათის უვნებლობისა და სანერგე მასალის უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.

სურსათის უვნებლობის რეგულაციები ემყარება მომხმარებლის უფლებას იცოდეს თუ რაში იხდის ფულს და იცოდეს რომ მის მიერ შეძენილი საკვები წარმოებულია იმ წესების მიხედვით რომლებიც არ შეუქმნიან საფრთხეს მის ჯანმრთელობას. ამ უფლების უზრუნველყოფას მხოლოდ მწარმოებელი ვერ შეძლებს რადგან არ არსებობს იმის გარანტია რომ მაგალითად ჯემების მწარმოებელი სარეალიზაციოდ არ გააგზავნის ჯემების იმ პარტიას რომელიც აღმოჩნდება რომ დამზადებულია ნორმაზე მეტი პესტიციდების შემცველი მარწყვისგან. დაიჯერებთ თუ არა შემდეგს: რომელიმე  კომპანიამ შეისყიდა  50 000 ლარის ხილი, დამატებით შეიძინა 10000 ლარის ქილა და ეტიკეტი, 10000 ლარი გადაუხადა პერსონალს რომ მათ შეეფუთათ ჯემი და სარეალიზაციოდ გაგზავნის წინ აღმოჩნდა რომ პესტიციდები ნორმაზე მეტია. მიზეზი: ერთი თვის წინ ხილის შეძენა მისი ხარისხის შემოწმების გარეშე. კომპანიამ გადაწყვიტა რომ თავის თავზე აეღო 70 000 ლარიანი ზარალი და ჯემების მთელი პარტია გაანადგურა მიუხედავად იმისა რომ ვერც სუპერმარკეტი და ვერც მომხმარებელი ვერასოდეს გაიგებდა ჭარბი პესტიციდების შესახებ რადგან ამის შემმოწმებელი არავინ იყო. ასეთი რამ ძნელად დასაჯერებელია, მითუმეტეს საქართველოში სადაც კომპანიების უმეტესობა ბანკიდან აღებული სესხებით მუშაობს და ამ სესხების გასასტუმრებლად უფრთხილდება თითოეულ ლარს. ამის გამო მომხმარებლის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის სისტემამ და ამ სისტემის რეგულატორმა სახელმწიფომ.

სანერგე მასალის უსაფრთხოება გულისხმობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უმთავრესი აქტივის ანუ ბიოაქტივების შემადგენელი ათასობით ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშების სანერგე და სათესლე მასალის დადგენილი წესების მიხედვით გამოყვანასა და გავრცელებას. ამ წესების დაცვით გამოყვანილი ნერგები და თესლები ფერმერებისთვის იმის გარანტიაა რომ მათ მიერ პლანტაციისა თუ სათბურის გაშენებაში ჩადებული ინვესტიცია დაცულია გაყალბებული, ავადმყოფი, დაბალნაყოფიერი ნერგებისა და სათესლე მასალებისგან. ისევე როგორც წინა მაგალითში, აქაც სანერგე მეურნეობის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს ნერგების შემსყიდველი ფერმერის ინტერესებს თუ სანერგე მეურნეობის "საწარმოო რეჟიმი" არ კონტროლდება მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ.

განვიხილოთ რა ძირითადი არგუმენტებია რეგულაციების წინააღმდეგ და რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, რა შეგვიძლია ვთქვათ მათ საპირისპიროდ.

1) რეგულაციები გაზრდის კომპანიების ხარჯებს.

1.1. ჯერ ერთი წინასასერტიფიკაციო კვლევისა და სერტიფიკაციის ხარჯები საკმაოდ პროპორციულია კომპანიების ზომებთან და რაც უფრო ადვილია "საწარმოო პროცესი" მით უფრო ნაკლები დრო და დანახარჯი მიდის სერტიფიკაციაზე. მაგალითად, თუ კომპანია მხოლოდ ყიდულობს ვაშლს გლეხებისგან, აკალიბრებს მას და ფუთავს, მას უფრო ნაკლები კრიტიკული კერები აქვს შესაძლო საფრთხეებისთვის და მისი შემოწმებაც ნაკლებ დროს მოითხოვს. განსხვავებული და უფრო ძვირად ღირებულია თუ კომპანია შესყიდულ ვაშლს თლის, წურავს, ამატებს შაქარს, კონსერვანტებს და ა. შ. ამ უკანასკნელის შესაბამისობის შემოწმება მეტ დროს ითხოვს მაგრამ აშკარაა რომ მის მფლობელებს უფრო მასიური მოხმარების პროდუქცია აქვთ და უფრო მეტი თანხებიც აქვთ ინვესტირებული. რაც მეტია ინვესტიციები კომპანიაში, მით ნაკლებია სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების წილი საერთო ინვესტიციებთან შედარებით.

1.2. უნდა აღინიშნოს რომ სურსათის და სანერგე მასალების უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატების მისაღებად მხოლოდ წინა-სასერტიფიკაციო გამოკვლევა და სერტიფიკატის წლიური განახლების ხარჯების გარდა კომპანიებს მოუწევთ სხვა ხარჯების გაღებაც რათა შექმნან ამ სერტიფიკატით მოთხოვნილი საწარმოო პირობები. თუმცა აქ საუბარია ისეთ პირობებზე რომლებიც წესით ისედაც უნდა იყოს ნებისმიერ საწარმოში: ჰიგიენური კვანძები, სასწორ-საზომი მოწყობილობები, პროდუქციის შესანახი საცავები და სხვ.

1.3. სერტიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება შესაძლებელია თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს სერტიფიცირების წინა გამოკვლევებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას.

1.4. თუ სურსათის სფეროში გარკვეული დამატებითი ხარჯები გარდაუვალია, განსვავებული მდგომარეობაა სანერგე და სათესლე მეურნეობის მხრივ. აქ პირიქით არის: ყოველგვარი შიდა და გარე წესების მიხედვით მოქმედებენ სანერგე მეურნეობები. ის კომპანიები თუ ფერმერები რომლებიც ყიდულობენ მაგალითად თხილისა და კივის ნერგებს დასავლეთ საქართველოში განწირულნი არიან რამოდენიმე წლიანი დანაკარგებისთვის. უფრო კონკრეტულად: ადილობრივი მენერგეების მიერ გამოყვანილი ნერგები მსხმოიარობას იწყებენ 3-4 წლიანი დაგვიანებით ანუ დარგვიდან მე-6, მე-7 წელს, მაშინ როდესაც უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები კივის შემთხვევაში პირველ ნაყოფს ისხამენ დარგვიდან 2-3 წლის თავზე. ამ სფეროში წესრიგის დამყარება პირიქით, შეამცირებს ფერმერების ხარჯებს.

2). რეგულაციები გაართულებს კომპანიების ყოველდღიურ საქმეთ წარმოებას.

2.1. სერტიფიკატის შენარჩუნება ითხოვს შესყიდვების, წარმოების და რეალიზაციის ყველა ეტაპის დოკუმენტურ აღრიცხვას მაგრამ სერტიფიკატის გარეშეც, განა არ უნდა ხდებოდეს ამ პროცესების კონტროლი შიდა სტატისტიკური, ბუღალტრული და მარკეტინგული მიზნებისთვის?! მაგალითი: თუ კომპანია ყიდულობს ვაშლს 100 სხვადასხვა ფერმერისგან, მან ხომ ისედაც უნდა გაუფორმოს ყველა მათგანს შესყიდვის აქტი სადაც იწერება ვაშლის ჯიში, წონა, კალიბრი, წუნის რაოდენობა, ფასი, თარიღი და სხვ. ეს მონაცემები კომპანიას დაეხმარება გამოავლინოს რომელი ფერმერები ახერხებენ წლიდან წლამდე ნაკლებ წუნიანი ვაშლის მოწოდებას, რომელი ფერმერის მოწოდებულ ვაშლს აქვს მეტი შაქრიანობა და სხვ. ამ მონაცემების დახმარებით მათ შეუძლიათ ეწვიონ საუკეთესო ვაშლის მომწოდებლების ბაღებს და ნახონ რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად და შემდომ წაახალისონ სხვა ნაკლებად ეფექტური ფერმერები რათა მათაც იგივე ხერხებით შეძლონ უკეთესი ვაშლის მოყვანა. ამით კომპანია შეიძენს უფრო მეტ მაღალი ხარისხის მომწოდებელს.

2.2. სურსათის უვნებლობის მხრივ ამ პროცესს დაემატება აღმოჩენადობის/მოკვლევადობის(traceability) პროცედურა რაც გულისხმობს თითოეული ფერმერის მიერ მოწოდებული ვაშლის პარტიისთვის უნიკალური კოდის მინიჭებასა და ამ კონკრეტულ პარტიაზე ამ კოდის შენარჩუნებას მანამ სანამ ეს პროდუქცია გადაინაცვლებს სხვა კომპანიის ხელში (საცალო ქსელში, დისტრიბუტორთან). მოკვლევადობის კომპონენტი სურსათის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს გამოწვეული ზიანის წყაროს მიგნებას და ამ წყაროს იზოლირებას ან კორექტირების შეტანას. მაგალითი: თუ კომპანიის მიერ გაგზავნილი ვაშლის წვენით სადღაც ჰამბურგში ვინმე მოიწამლა, საცალო ქსელი შეძლებს იგივე კოდის მატარებელი სხვა ქილები შეამოწმოს ლაბორატორიაში და თუ მომწამვლელი ნივთიერება სხვა ქილებშიც აღმოჩნდა, მთლიანად შეაჩეროს იმ კოდით მოძრავი პროდუქციის რეალიზაცია. ასევე მას შეუძლია მიაწოდოს ამ კოდის შესახებ ინფორმაცია მწარმოებელს რომელიც თავის მხრივ შეძლებს სწრაფად აღმოაჩინოს თუ რომელი ფერმერის მოწოდებულ ვაშლს ეკუთვნის ეს კოდი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

2.3. ზოგადად დისციპლინის არქონა ქართული ბიზნესის სუსტი წერტილია. აღნიშნული პროცედურების სისტემატიური გამოყენება შეცვლის ჩვენი კომპანიების მენტალიტეტს და მას უფრო მოწესრიგებულს გახდის. მოიმატებს ნდობა როგორც კომანიებს შორის ასევე კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის.

3). სახელმწიფოს არ გააჩნია ფინანსები და კადრები იმის გასანკოტროლებლად თუ როგორ სრულდება რეგულაციები. მოსალოდნელია რეგულატორებსა და მეწარმეებს შორის კორუფციული გარიგებები.

3.1. ამის ერთადერთი პასუხი ჩემის აზრით შემდეგია: სოფლის მეურნეობის განვითარება არის ის სფერო რომელსაც შეუძლია საქართველოს სავაჭრო ბალანსის შეცვლა და ამასთანავე ასიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა. ასევე ამ სფეროში უფრო ადვილია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა რადგან ის არ მოითხოვს ერთ ინვესტორზე მრავალ მილიონიან დაბანდებას და რადგან დასავლეთ ევროპული აგრარული სფეროები უკიდურესად დაბალრენტაბელურია და ესპანელი, ფრანგი და იტალიელი ფერმერები ხშირად თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან თავიანთ პროდუქციას. უამრავი მათგანი მზად იქნება შეიძინოს 20, 30 და 50 ჰექტარიანი მიწის ფართობები საქართველოში და თითოეულმა მათგანმა ჩადონ ორასი ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე(და უფრო მეტიც), დაასაქმონ ხალხი და შექმნან უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში რომელსაც გააჩნია როგორც ტენიანი სუბტროპიკული ასევე შედარებით უფრო მშრალი კლიმატური ზონები და შესაბამისად აქ შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უამრავი სახეობის მოყვანა ხოლო გასაღების ბაზრებს რაც შეეხება 2010 წლის მონაცემებით ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ბაზრის, გერმანიის მიერ არაევროკავშირიდან იმპორტირებული ხილის წილი მისი ხილის მოხმარების მხოლოდ 5% შეადგენდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ევროკავშირის გარეთ სოფლის მეურნეობის წარმოების დისციპლინის დაბალი დონე. რამდენადაც უცნაური არ უნდა ამ შემთხვევაში რეგულაციები ხელს შეუწყობს ჩვენი აგრარული სფეროს წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ეს არის შესაძლებლობა რომლის მატერიალიზაციისთვის სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები და კადრები. იმ ქვეყანაში სადაც უკიდურესად კორუმპირებული საგზაო მილიცია შეიცვალა სრულიად არაკორუმპირებული პატრულით რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ყოფილი სანიტარული სამსახურის გარდასახვა?! იმ შემთხვევაში თუ ამ სამსახურის თანამშრომლებსაც ექნებათ 600-800 ლარიანი ხელფასი და მოტივირებული ხელმძღვანელობა, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულება უფრო მოსალოდნელია ვიდრე პირიქით. ამით იმის თქმა გვსურს რომ ვერ გავიზიარებთ ერთ-ერთ არგუმენტს მოსალოდნელი კორუფციული გარიგებების შესახებ.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge

No comments:

Post a Comment