Thursday, January 22, 2015

Friday, November 18, 2011

სტანდარტის დანერგვა საკუთარი ძალებით

ჩვენი კომპანია დაინტერესდა იმით თუ რა ღირს სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვა ჩვენივე კომპანიის მაგალითზე. თქვენს საწარმოსთან შედარება რომ გაგიადვილოთ აღვწერ ჩვენი საწარმოს ზომებს: დაახლოებით 220კვ.მ. სასაწყობე მეურნეობა, რომლის 2/3 უკავია სამაცივრე განყოფილებას და დანარჩენი კი ხილის გარჩევისა და შეფუთვის კვანძს. ადმინისტრაცია შედგება 3 პირისგან ხოლო საწარმოო პერსონალი (სეზონურად) 10-12 პირისგან.

სტანდარტები ბევრია: HACCP, ISO22000, IFS Food, BRC და სხვ. მათ შორის მსგავსება ანუ ცოტა გაუგებრად რომ ვთქვათ "ოვერლაპი" შეადგენს ასე 80-90%.  სერტიფიკატის მოპოვებამდე, ბუნებრივია შესაბამისი პროცედურები დანერგილი და დოკუმენტირებული უნდა იყოს. დანერგვის შემდეგ ყოველ წელს უნდა მოიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია რომელიც შეამოწმებს სტანდარტებთან შესაბამისობაში ხომ არ გაქვთ გადახრები.

1). როგორ ხდება დანერგვა? კომპანიების დიდი ნაწილი ქირაობს ექსპერტთა ფირმას რომლებიც წერენ პროცედურებსა და დოკუმენტაციას, ასწავლიან პერსონალს უსაფრთხოების წესებს.
2). რა ღირს ეს მომსახურეობა? ჩვენ სულ 2 ქართულ საექსპერტო ფირმას დავუკავშირდით და მივიღეთ შემდეგი 2 ფასი: 1. დაახლ. 8000 ევრო და 2. დაახლ. 21000 აშშ$. ამ ფასებმა გაგვაკვირვა და დავუკავშირდით თურქეთსა და იტალიაში მომუშავე ფირმებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. იმათი ფასები გაცილებით დაბალი გამოდგა დაახლოებით 2500-5000 ევროს ფარგლებში. არც ეს არის იაფი. ამიტომ დავფიქრდით იმაზე რომ ჩვენ თვითონ დაგვენერგა არჩეული სტანდარტი.

იმისათვის რომ თქვენ თვითონ დანერგოთ სტანდარტი დაუსვით თქვენს თავს კითხვა: თუ სტანდარტის მოთხოვნები ჩვენვე უნდა შევასრულოთ, მაშინ რატომ არ უნდა დავნერგოთ საკუთარი ძალებით? თუ ამ გზას აირჩევთ, მიიღებთ ასე ვთქვათ "უფრო ნამდვილ" სისტემას რადგან დანერგვის პროცესში დაგჭირდებათ თითქმის ყველა თანამშრომლის ჩართვა და გეყოლებათ გაცნობიერებული თანამშრომლები.
რითი დავიწყოთ?
1). გამოიწერეთ სტანდარტის დეტალურად აღმწერი წიგნი შესაბამისი ვებ-გვერდიდან
2). გაწევრიანდით linkedin ის შესაბამის ჯგუფებში (და ასეთი უამრავია) და ეკონტაქტეთ კერძო ექსპერტებს. მათგან ბევრს გაიგებთ.
3). გაანაწილეთ სტანდარტის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებზე მაგრამ პირადად თქვენც აიღეთ სამუშაოს ნაწილი
4). დათქვით ვადები და მოსამზადებელი სამუშაოების პროგრესი განიხილეთ ყოველ 10 დღეში ერთხელ მაინც. თვეში ერთხელ ძალიან ბევრია.
5). როდესაც დასრულებულად ჩათვლით, რომელიმე კერძო ექსპერტს სთხოვეთ შეაფასოს თქვენი პროცედურების აღწერილობა, გაუგზავნეთ ელ-ფოსტით. მისი ეს მომსახურეობა ალბათ 300-500 ევროზე მეტი არ დაგიჯდებათ.

თანხების დაზოგვის გარდა, ყველაზე დიდი სარგებელი აქედან იქნება ის რომ ეს იქნება მართლა მოქმედი სისტემა და თქვენი თანამშრომლებიც უკეთ გაერკვევიან, უფრო დააფასებენ კიდეც საკუთარი მონაწილეობით შექმნილ სისტემას.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge

Wednesday, May 18, 2011

FM 102.4 საღამოს პიკის საათი, 17.05.2011. რატომ ვერ ვითარდება ქართული აგრობიზნესი

დააჭირეთ აქ  და მოუსმინეთ 2011 წლის 17 მაისის საღამოს პიკის საათის სრულ ჩანაწერს. ჟურნალისტი დავით პაიჭაძე და ფერმერი კოტე ვეკუა საუბრობენ იმ მიზეზებზე რომლებიც აფერხებენ ქართული აგრარული სექტორის განვითარებას.

Sunday, May 15, 2011

რეგულაციები და სოფლის მეურნეობის განვითარება



სურათზე: სურსათის მწარმოებელი კომპანიის ტერიტორიაზე
ჰიგიენური უსაფრთხოების რეკომენდაციები


საქართველოში ერთი შეხედვით რეგულაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. ხშირად ეს უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი აღწერებისა და განმარტებების გარეშე გამოითქმის. რეგულაციების საწინააღმდეგოდ საზოგადოების განწყობა ადვილია რადგან მოქალაქეებს ახსოვთ თუ როგორ წერდნენ უკანონო გასამრჯელოს სანაცვლოდ დადებით დასკვნებს სანიტარული თუ სხვა უწყებების მოხელეები უხარისხო პროდუქციაზე. ამ წერილის მიზანია დავინახოთ ის დადებითი მხარეები რომლებიც რეგულაციებს გააჩნია მანამ სანამ მათი აღსრულება დეავალება კერძო სექტორს და მათ მაკონტროლებლებს. კონკრეტულად კი განვიხილოთ რეგულაციები სოფლის მეურნეობის სფეროში რომლებიც სურსათის უვნებლობისა და სანერგე მასალის უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.

სურსათის უვნებლობის რეგულაციები ემყარება მომხმარებლის უფლებას იცოდეს თუ რაში იხდის ფულს და იცოდეს რომ მის მიერ შეძენილი საკვები წარმოებულია იმ წესების მიხედვით რომლებიც არ შეუქმნიან საფრთხეს მის ჯანმრთელობას. ამ უფლების უზრუნველყოფას მხოლოდ მწარმოებელი ვერ შეძლებს რადგან არ არსებობს იმის გარანტია რომ მაგალითად ჯემების მწარმოებელი სარეალიზაციოდ არ გააგზავნის ჯემების იმ პარტიას რომელიც აღმოჩნდება რომ დამზადებულია ნორმაზე მეტი პესტიციდების შემცველი მარწყვისგან. დაიჯერებთ თუ არა შემდეგს: რომელიმე  კომპანიამ შეისყიდა  50 000 ლარის ხილი, დამატებით შეიძინა 10000 ლარის ქილა და ეტიკეტი, 10000 ლარი გადაუხადა პერსონალს რომ მათ შეეფუთათ ჯემი და სარეალიზაციოდ გაგზავნის წინ აღმოჩნდა რომ პესტიციდები ნორმაზე მეტია. მიზეზი: ერთი თვის წინ ხილის შეძენა მისი ხარისხის შემოწმების გარეშე. კომპანიამ გადაწყვიტა რომ თავის თავზე აეღო 70 000 ლარიანი ზარალი და ჯემების მთელი პარტია გაანადგურა მიუხედავად იმისა რომ ვერც სუპერმარკეტი და ვერც მომხმარებელი ვერასოდეს გაიგებდა ჭარბი პესტიციდების შესახებ რადგან ამის შემმოწმებელი არავინ იყო. ასეთი რამ ძნელად დასაჯერებელია, მითუმეტეს საქართველოში სადაც კომპანიების უმეტესობა ბანკიდან აღებული სესხებით მუშაობს და ამ სესხების გასასტუმრებლად უფრთხილდება თითოეულ ლარს. ამის გამო მომხმარებლის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის სისტემამ და ამ სისტემის რეგულატორმა სახელმწიფომ.

სანერგე მასალის უსაფრთხოება გულისხმობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უმთავრესი აქტივის ანუ ბიოაქტივების შემადგენელი ათასობით ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშების სანერგე და სათესლე მასალის დადგენილი წესების მიხედვით გამოყვანასა და გავრცელებას. ამ წესების დაცვით გამოყვანილი ნერგები და თესლები ფერმერებისთვის იმის გარანტიაა რომ მათ მიერ პლანტაციისა თუ სათბურის გაშენებაში ჩადებული ინვესტიცია დაცულია გაყალბებული, ავადმყოფი, დაბალნაყოფიერი ნერგებისა და სათესლე მასალებისგან. ისევე როგორც წინა მაგალითში, აქაც სანერგე მეურნეობის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს ნერგების შემსყიდველი ფერმერის ინტერესებს თუ სანერგე მეურნეობის "საწარმოო რეჟიმი" არ კონტროლდება მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ.

განვიხილოთ რა ძირითადი არგუმენტებია რეგულაციების წინააღმდეგ და რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, რა შეგვიძლია ვთქვათ მათ საპირისპიროდ.

1) რეგულაციები გაზრდის კომპანიების ხარჯებს.

1.1. ჯერ ერთი წინასასერტიფიკაციო კვლევისა და სერტიფიკაციის ხარჯები საკმაოდ პროპორციულია კომპანიების ზომებთან და რაც უფრო ადვილია "საწარმოო პროცესი" მით უფრო ნაკლები დრო და დანახარჯი მიდის სერტიფიკაციაზე. მაგალითად, თუ კომპანია მხოლოდ ყიდულობს ვაშლს გლეხებისგან, აკალიბრებს მას და ფუთავს, მას უფრო ნაკლები კრიტიკული კერები აქვს შესაძლო საფრთხეებისთვის და მისი შემოწმებაც ნაკლებ დროს მოითხოვს. განსხვავებული და უფრო ძვირად ღირებულია თუ კომპანია შესყიდულ ვაშლს თლის, წურავს, ამატებს შაქარს, კონსერვანტებს და ა. შ. ამ უკანასკნელის შესაბამისობის შემოწმება მეტ დროს ითხოვს მაგრამ აშკარაა რომ მის მფლობელებს უფრო მასიური მოხმარების პროდუქცია აქვთ და უფრო მეტი თანხებიც აქვთ ინვესტირებული. რაც მეტია ინვესტიციები კომპანიაში, მით ნაკლებია სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების წილი საერთო ინვესტიციებთან შედარებით.

1.2. უნდა აღინიშნოს რომ სურსათის და სანერგე მასალების უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატების მისაღებად მხოლოდ წინა-სასერტიფიკაციო გამოკვლევა და სერტიფიკატის წლიური განახლების ხარჯების გარდა კომპანიებს მოუწევთ სხვა ხარჯების გაღებაც რათა შექმნან ამ სერტიფიკატით მოთხოვნილი საწარმოო პირობები. თუმცა აქ საუბარია ისეთ პირობებზე რომლებიც წესით ისედაც უნდა იყოს ნებისმიერ საწარმოში: ჰიგიენური კვანძები, სასწორ-საზომი მოწყობილობები, პროდუქციის შესანახი საცავები და სხვ.

1.3. სერტიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება შესაძლებელია თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს სერტიფიცირების წინა გამოკვლევებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას.

1.4. თუ სურსათის სფეროში გარკვეული დამატებითი ხარჯები გარდაუვალია, განსვავებული მდგომარეობაა სანერგე და სათესლე მეურნეობის მხრივ. აქ პირიქით არის: ყოველგვარი შიდა და გარე წესების მიხედვით მოქმედებენ სანერგე მეურნეობები. ის კომპანიები თუ ფერმერები რომლებიც ყიდულობენ მაგალითად თხილისა და კივის ნერგებს დასავლეთ საქართველოში განწირულნი არიან რამოდენიმე წლიანი დანაკარგებისთვის. უფრო კონკრეტულად: ადილობრივი მენერგეების მიერ გამოყვანილი ნერგები მსხმოიარობას იწყებენ 3-4 წლიანი დაგვიანებით ანუ დარგვიდან მე-6, მე-7 წელს, მაშინ როდესაც უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები კივის შემთხვევაში პირველ ნაყოფს ისხამენ დარგვიდან 2-3 წლის თავზე. ამ სფეროში წესრიგის დამყარება პირიქით, შეამცირებს ფერმერების ხარჯებს.

2). რეგულაციები გაართულებს კომპანიების ყოველდღიურ საქმეთ წარმოებას.

2.1. სერტიფიკატის შენარჩუნება ითხოვს შესყიდვების, წარმოების და რეალიზაციის ყველა ეტაპის დოკუმენტურ აღრიცხვას მაგრამ სერტიფიკატის გარეშეც, განა არ უნდა ხდებოდეს ამ პროცესების კონტროლი შიდა სტატისტიკური, ბუღალტრული და მარკეტინგული მიზნებისთვის?! მაგალითი: თუ კომპანია ყიდულობს ვაშლს 100 სხვადასხვა ფერმერისგან, მან ხომ ისედაც უნდა გაუფორმოს ყველა მათგანს შესყიდვის აქტი სადაც იწერება ვაშლის ჯიში, წონა, კალიბრი, წუნის რაოდენობა, ფასი, თარიღი და სხვ. ეს მონაცემები კომპანიას დაეხმარება გამოავლინოს რომელი ფერმერები ახერხებენ წლიდან წლამდე ნაკლებ წუნიანი ვაშლის მოწოდებას, რომელი ფერმერის მოწოდებულ ვაშლს აქვს მეტი შაქრიანობა და სხვ. ამ მონაცემების დახმარებით მათ შეუძლიათ ეწვიონ საუკეთესო ვაშლის მომწოდებლების ბაღებს და ნახონ რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად და შემდომ წაახალისონ სხვა ნაკლებად ეფექტური ფერმერები რათა მათაც იგივე ხერხებით შეძლონ უკეთესი ვაშლის მოყვანა. ამით კომპანია შეიძენს უფრო მეტ მაღალი ხარისხის მომწოდებელს.

2.2. სურსათის უვნებლობის მხრივ ამ პროცესს დაემატება აღმოჩენადობის/მოკვლევადობის(traceability) პროცედურა რაც გულისხმობს თითოეული ფერმერის მიერ მოწოდებული ვაშლის პარტიისთვის უნიკალური კოდის მინიჭებასა და ამ კონკრეტულ პარტიაზე ამ კოდის შენარჩუნებას მანამ სანამ ეს პროდუქცია გადაინაცვლებს სხვა კომპანიის ხელში (საცალო ქსელში, დისტრიბუტორთან). მოკვლევადობის კომპონენტი სურსათის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს გამოწვეული ზიანის წყაროს მიგნებას და ამ წყაროს იზოლირებას ან კორექტირების შეტანას. მაგალითი: თუ კომპანიის მიერ გაგზავნილი ვაშლის წვენით სადღაც ჰამბურგში ვინმე მოიწამლა, საცალო ქსელი შეძლებს იგივე კოდის მატარებელი სხვა ქილები შეამოწმოს ლაბორატორიაში და თუ მომწამვლელი ნივთიერება სხვა ქილებშიც აღმოჩნდა, მთლიანად შეაჩეროს იმ კოდით მოძრავი პროდუქციის რეალიზაცია. ასევე მას შეუძლია მიაწოდოს ამ კოდის შესახებ ინფორმაცია მწარმოებელს რომელიც თავის მხრივ შეძლებს სწრაფად აღმოაჩინოს თუ რომელი ფერმერის მოწოდებულ ვაშლს ეკუთვნის ეს კოდი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

2.3. ზოგადად დისციპლინის არქონა ქართული ბიზნესის სუსტი წერტილია. აღნიშნული პროცედურების სისტემატიური გამოყენება შეცვლის ჩვენი კომპანიების მენტალიტეტს და მას უფრო მოწესრიგებულს გახდის. მოიმატებს ნდობა როგორც კომანიებს შორის ასევე კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის.

3). სახელმწიფოს არ გააჩნია ფინანსები და კადრები იმის გასანკოტროლებლად თუ როგორ სრულდება რეგულაციები. მოსალოდნელია რეგულატორებსა და მეწარმეებს შორის კორუფციული გარიგებები.

3.1. ამის ერთადერთი პასუხი ჩემის აზრით შემდეგია: სოფლის მეურნეობის განვითარება არის ის სფერო რომელსაც შეუძლია საქართველოს სავაჭრო ბალანსის შეცვლა და ამასთანავე ასიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა. ასევე ამ სფეროში უფრო ადვილია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა რადგან ის არ მოითხოვს ერთ ინვესტორზე მრავალ მილიონიან დაბანდებას და რადგან დასავლეთ ევროპული აგრარული სფეროები უკიდურესად დაბალრენტაბელურია და ესპანელი, ფრანგი და იტალიელი ფერმერები ხშირად თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან თავიანთ პროდუქციას. უამრავი მათგანი მზად იქნება შეიძინოს 20, 30 და 50 ჰექტარიანი მიწის ფართობები საქართველოში და თითოეულმა მათგანმა ჩადონ ორასი ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე(და უფრო მეტიც), დაასაქმონ ხალხი და შექმნან უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში რომელსაც გააჩნია როგორც ტენიანი სუბტროპიკული ასევე შედარებით უფრო მშრალი კლიმატური ზონები და შესაბამისად აქ შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უამრავი სახეობის მოყვანა ხოლო გასაღების ბაზრებს რაც შეეხება 2010 წლის მონაცემებით ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ბაზრის, გერმანიის მიერ არაევროკავშირიდან იმპორტირებული ხილის წილი მისი ხილის მოხმარების მხოლოდ 5% შეადგენდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ევროკავშირის გარეთ სოფლის მეურნეობის წარმოების დისციპლინის დაბალი დონე. რამდენადაც უცნაური არ უნდა ამ შემთხვევაში რეგულაციები ხელს შეუწყობს ჩვენი აგრარული სფეროს წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ეს არის შესაძლებლობა რომლის მატერიალიზაციისთვის სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები და კადრები. იმ ქვეყანაში სადაც უკიდურესად კორუმპირებული საგზაო მილიცია შეიცვალა სრულიად არაკორუმპირებული პატრულით რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ყოფილი სანიტარული სამსახურის გარდასახვა?! იმ შემთხვევაში თუ ამ სამსახურის თანამშრომლებსაც ექნებათ 600-800 ლარიანი ხელფასი და მოტივირებული ხელმძღვანელობა, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულება უფრო მოსალოდნელია ვიდრე პირიქით. ამით იმის თქმა გვსურს რომ ვერ გავიზიარებთ ერთ-ერთ არგუმენტს მოსალოდნელი კორუფციული გარიგებების შესახებ.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge

Friday, March 4, 2011

ქართული სოფლის მეურნეობა, ნაწილი 1: "უფრო მეტი" მიწა


სურათზე: კივის პლანტაციისთვის საყრდენი სტრუქტურის გამართვა იმ მიწაზე
რომელიც 1991 წლის შემდეგ დაუმუშავებელი იყო


როგორ მოვიყვანოთ მეტი მოსავალი, როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტი და დავიწყოთ ექსპორტი? ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი აზრები და ვეცდებით "real life" სურათი დაგანახოთ. ნერგეტას დამფუძნებელთა ჯამური გამოცდილება აგრობიზნესში მოიცავს 10 წელს და ის თითქმის მთლიანად სამეგრელოსთან არის დაკავშირებული. ჩვენც სამეგრელოს მაგალითს განვიხილავთ, რომელიც პრინციპში ანალოგიურია გურიის და აჭარის მდგომარეობასთან.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბევრი რამ არის საჭირო მაგრამ პირველ ნაწილში ვისაუბროთ მთავარზე:  პირველადი წარმოების(იგულისხმება პლანტაციები) რაოდენობრივი ზრდა ანუ უფრო მეტი ახალი მიწების დამუშავება

უფრო მეტი მიწა რომ დამუშავდეს ამისათვის  ფერმერებს და კომპანიებს უნდა შეეძლოთ ამ "უფრო მეტი" მიწის შეძენა.

რა უშლის ხელს:

1) მიწების ნაკლებობა, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილია არცთუ ნაყოფიერი მიწები, სახელმწიფოსგან მიწის შეძენა რთულია რადგან თუ ესა თუ ის ნაკვეთი ადრე არ ყოფილა იჯარით გაცემული მისი შესყიდვის "პირველი უფლება" აქვს იმ სოფლის მაცხოვრებელს რომელი სოფლის ტერიტორიაზეც არის აღნიშნული მიწა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს არათუ დამუშავების, არამედ შესყიდვის ფულიც არ აქვთ და ვერც ისინი ყიდულობენ და ვერც "არაადგილობრივი" კომპანიები და ფერმერები.

2) "იძულებითი" მიწის მფლობელები: 1991-1992 წლებში მდინარის პირა ნაყოფიერი მიწები გადაეცა ადგილობრივ მცხოვრებლებს. გადაეცათ უკიდურესად დაქუცმაცებული ნაკვეთები: 2000-4000-5000კვ.მ. ადამიანები რომლებიც კომუნისტების დროს მუშაობდნენ მასწავლებლებად, ბრიგადირებად და მძღოლებად და გააჩნდათ "საკმარისი" ანაზღაურება და მუდმივი სამუშაო, უცბად მასობრივად დარჩნენ "სამსახურისა" და ყოველგვარი ხელფასის გარეშე. ეს იყო დრო როდესაც პურის ფქვილის ფულიც არ ჰქონდათ. მათთვის ის მცირე მდინარისპირა ნაკვეთები გახდა "გარანტირებული ღომისა და მჭადის" (ანუ პურის შემცვლელების) ერთადერთი წყარო. სამწუხაროდ ამ ადამიანთა უმეტესობას დღემდე არა აქვს "სამსახური". ამის გამო ყველაზე ნაყოფიერი მიწები ცდება სიმინდის(და ისიც დაბალმოსავლიანი ჯიშის) მოსაყვანად. თუ ეს ადამიანები იშოვიან "სამსახურს" და მიიღებენ დამაკმაყოფილებელ ხელფასებს მაშინ ისინი სავარაუდოდ გაყიდიან ამ მდინარისპირა ნაკვეთებს და სავარაუდოდ გამოჩნდებიან ფერმერები რომლებიც შეიძენენ 20-30 ან თუნდაც 50 ასეთ 3000კვ.მ-იან ნაკვეთებს ანუ მოხდება გამსხვილება. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

3) კონფლიქტები ადგილობრივთა ინტერესებთან: იტალიური ფერეროს ქართულმა შვილობილმა კომპანიამ 2007 წელს სამეგრელოში შეიძინა მიწები, დაახლოებით 1200 ჰექტარი მაგრამ როდესაც მისი დამუშავება დაიწყო საკუთარი მიწების სრულად ათვისება ვერ შეძლო რადგან კუთვნილი ფართობების ნაწილში იქვე მაცხოვრებელმა ოჯახებმა არ შეუშვეს იმ მიზეზით რომ ამ მიწების შეძენა მათ თავადაც სურდათ. იმავე კომპანიამ სხვა სოფელში მიწის ყიდვა საერთოდ ვერ შეძლო იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამის წინააღმდეგი იყო. იმის მერე 3 წელი გავიდა და არც ადგილობრივებს უყიდიათ ის ნაკვეთები და არც ვინმე სხვას. ეს კი ნიშნავს მიწის როგორც ადგილობრივი ნაწარმის შექმნის საშუალების უქმად მოცდენასა და რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის ფაქტიურად წართმევას. ადგილობრივი მოსახლეობის არგუმენტი იყო ის რომ მათ სურდათ შეეძინათ ეს მიწები მაგრამ ვერ შეძლეს ამ მიწების შეძენა სახელმწიფოსგან და იძულებული გახდნენ თვითნებურად შემოეღობათ მათთვის სასურველი ნაკვეთები. ამის გარდა კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება ამის ახსნა. 1990 იან წლებში სახელმწიფო ფაქტიურად არ არსებობდა და ხალხი არც თვლიდა საჭიროდ თავიანთი ქმედებების კანონის ფარგლებში მოქცევას და ისინი სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმების (პრივატიზაცია) გარეშე დაეპატრონენ ამ ნაკვეთებს.


4) უკვე პრივატიზირებული მიწის შეძენა შეიძლება მაგრამ მსხვილი კერძო მიწისმფლობელები ხშირად ყოვლად არარეალურ ფასებს ითხოვენ. შეგიფასებენ 5000-10000$/ჰა და მიუხედავად იმისა რომ რეალური მყიდველი არ ჩანს, მაინც არ აკლებენ ფასს. მათი არგუმენტები ასეთია "საქართველო მალე ნატოში შევა და ფასი გაათმაგდება", "იტალიაში 1ჰექტარი 40 000ევრო ღირს". ნატოს არგუმენტზე არაფერს ვეუბნებით იმიტომ რომ ჩვენც გვინდა რომ შევიდეთ, იტალიის არგუმენტზე კი ვეუბნებით რომ იტალიაში ფულიც უფრო იაფია, ღობე და დაცვის დაყენება საჭირო არ არის, იტალიურ პროდუქტს ევროპაში თავის გაცნობის მიზნით დამატებითი ხარჯების გაწევა არ სჭირდება და რომ ბოლონიიდან ჰამბურგამდე სატვირთო მანქანა 2 დღეში ჩაიტანს პროდუქციას 1000 ევროდ, ზუგდიდიდან კი 15 დღე უნდა და 4000 ევრო მაგრამ ეს კონტრარგუმენტები არაფერს ცვლის. აქ საუბარია იმ მსხვილ მიწისმფლობელებზე რომლებიც ფლობენ მიწებს მაგრამ არ ამუშავებენ მათ და არა იმ მიწისმფლობელებზე რომლებიც ამუშავებენ.

5) მიწის სიმცირეს და უფრო სწორედ მიწების "უხერხულ განლაგებას" სამეგრელოსა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ერთი ისტორიული მიზეზიც იწვევს: იმავე იტალიისგან და თუნდაც კახეთისგან განსხვავებით აქ მოსახლეობა გაფანტულად სახლობს. ეს აქუცმაცებს მიწის მასივებს და მას ეკონომიკურ აზრს უკარგავს. მაგალითი: იყიდე 20  ჰექტარი მაგრამ ეს 20 ჰექტარი ერთიანი ნაკვეთი კი არაა  არამედ 3-4 ერთმანეთისგან ადგილობრივი მოსახლეების ეზოებით არის განცალკავებული და გიწევს ამ 20 ჰექტარის 4 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე შემოღობვა. წარმოიდგინეთ ეხლა 20 ჰექტარი, 4 ღობე, 4 ჭიშკარი, 4 ღამის დარაჯი და სხვა უხერხულობები.


6) ღამის დარაჯს რაც შეეხება, ამას კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ ბარიერთან მივყავართ: "მცირე" ქურდობები. სამეგრელოში და სხვაგანაც დღემდე წარმოუდგენელია პლანტაციის უმეთვალყურეოდ მიტოვება, განსაკუთრებით ღამით და განსაკუთრებით თუ პლანტაცია ახლად გაშენებულია ან მოსავლის აღების პერიოდია.  თუ საშუალო და დიდი კომპანიები მოახერხებენ დარაჯების აყვანას და მათთვის ხელფასის გადახდას, იგივეს გაკეთება ძალიან ძნელი იქნება მცირე ფერმერებისთვის, ისეთებისთვის რომლებსაც აქვთ 1 ან 2 ჰექტარი მიწა. ისევ მაგალითი: დარაჯისთვის საჭიროა ჯიხურის ჩადგმა, რაც 1000ლარი მაინც დაჯდება, მინიმუმ 15ლარი მაინც უნდა გადაუხადოს 1 მორიგეობაში, წელიწადში გამოდის 5475 ლარი, დაამატეთ საშემოსავლო გადასახადი და მიიღებთ 6570 ლარს. ეხლა თუ გავითვალისწინებთ რომ არცერთი ხილის კულტურა არ არის მოსავლიანი 1-ლი 4-5წელი გამოდის რომ პირველ მოსავლის აღებამდე მარტო ღამის დარაჯის ხარჯია 6570 x 4 = 26 280 ლარი.

 ყველა ჩამოთვლილი მიზეზი ან საერთოდ შეუძლებელს ხდის "უფრო მეტი" მიწის დამუშავებას (მაგალითად 1-2 ჰექტარიანი მცირე ფერმერისთვის) ან უფრო რთულსა და უფრო ძვირს ხდის ამ საქმიანობას საშუალო და დიდი მეურენეობებისათვის.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge

Saturday, February 26, 2011

ბერლინის ხილის გამოფენა: "წარმოშობის პარადოქსი" და ხარისხის მუდმივად მიწოდების გარანტია


სურათზე: ერთ-ერთი კომპანიის სტენდი ბერლინის ხილის გამოფენაზე


ყოველი წლის თებერვალში ბერლინში იმართება ხილისა და ბოსტნეულის ალბათ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა. 9000 ზე მეტი მონაწილე და 50 000 ზე მეტი დამთვალიერებელი --- It's very Große.

ჩვენი აზრით ქართული კივის პირველი ღირებული ექსპორტი 2013 წლამდე მოსალოდნელი არ არის. ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტეთ ამ გამოფენის სტუმრობა იმ მიზნით რომ შევხვედროდით მომავალ კლიენტებს და გაგვეგო მათი მოთხოვნები, ფასები, სხვა კივისა და ხილის მწარმოებელთა აზრები და ა. შ. ჩვენ წინასწარ შევადგინეთ შეკითხვების სია მაგრამ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა პასუხი შემდეგ კითხვაზე: რა არის საჭირო იმისათვის რომ ჩვენი კივის ფასის დადგენა მოხდეს მისი ხარისხისა და გემოს მიხედვით და არა მისი მწარმოებელი ქვეყნის "სავაჭრო იმიჯის" მიხედვით? ამას რომ ვამბობთ ჩვენთვის უკვე ცნობილია რომ ქართული კივი თავისი სამომხმარებლო და კომერციული თვისებებით(შაქრიანობა და შენახვის ხანგრძლივობა) აღემატება იტალიურ, ბერძნულ და ფრანგულ ანალოგებს. თუმცა ფასწარმოქმნაში პროდუქტის ხარისხი ყოველთვის არ არის გადამწყვეტი და მწარმოებელი ქვეყნის მიმართ არსებულ ფაქტობრივ და წარმოსახვით შეხედულებებსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მაგალითი: ერთი ვენესუელური კომპანია კაკაოთი ამარაგებს ცნობილ შვეიცარიულ შოკოლადის კომპანიებს და თავადაც აწარმოებს შოკოლადს მაგრამ მისი შოკოლადი გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდება ვიდრე იგივე კაკაოთი, ოღონდ შვეიცარიაში დამზადებული შოკოლადი.

ამის მიზეზი არის "წარმოშობის პარადოქსი" ანუ მომხმარებლის მიერ "ნამდვილობის"(authenticity) შეხედულებების გამომუშავება დროთა განმავლობაში: შვეიცარიული საათები, ფრანგული ღვინო, გერმანული მანქანები და სხვა.  სავაჭრო ფირმები და საცალო ქსელები უეჭველად ეცდებიან მომხმარებელთა შეხედულებები გამოიყენონ ფასწარმოქმნის დროს და რაც შეიძლება ნაკლებ ფასად დადონ გარიგება ახალი, ნაკლებად ცნობილი ქვეყნიდან შეთავაზებულ პროდუქტზე. არის თუ არა ეს გადაულახავი ბარიერი ქართული კომპანიებისთვის? ჩვენ სპეციალურად გამოვიყენეთ შემდეგი სიტყვები "წარმოშობის პარადოქსის" ახსნისას: "შეხედულებების გამომუშავება დროთა განმავლობაში." ხომ გაგიგიათ კამათი რომელიმე პროდუქტზე რომელიც "თავიდან ხარისხიანი იყო და მერე გააფუჭეს"? ხარისხის შექმნა და მისი მინიმუმ შენარჩუნება და თუ შესაძლებელია გაუმჯობესება არის მთავარი საშუალება იმისთვის რომ ახალ მომხმარებლებს დროთა განმავლობაში გამოუმუშავდეთ ნდობა და დადებითი შეხედულება მათთვისაც ახალი პროდუქტის მიმართ. ამის მაგალითია ჰიუნდაი, რომელიც თავიდან მხოლოდ "ფასზე მუშაობდა" ეხლა კი ხარისხის გაუმჯობესებით მაღალფასიან მოდელებსაც წარმატებით ყიდის.

გამოდის რომ ფასის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი არის "ხარისხის მუდმივად მიწოდების გარანტია". კლიენტი, რომელიც 5, 10 და 15 წელი რომ მუდმივად ხარისხიან პროდუქტს იღებს ერთი და იგივე კომპანიიდან ან ერთი რეგიონის რამოდენიმე კომპანიიდან, ის ბუნებრივად უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ნაკლებად ცნობილი ქვეყნის ნაკლებად ცნობილ მომწოდებელს.

ჩვენმა კომპანიებმა და უფრო სწორედ მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა "უბრალოდ" უნდა აირჩიონ ხარისხი და მისი შენარჩუნება და ეს უნდა შეეხოს უმცირეს დეტალებსაც. მაგალითად კარგია რომ ქართული კომპანიებიც ანთავსებენ თავიანთ სტენდებს სუპერმარკეტებში მაგრამ უგემოვნობა, დაუფიქრებლობა და უხარისხობაა როდესაც ასეთ სტენდებს აქვს მახვილი კუთხეები სადაც მომხმარებელმა შეიძლება შემთხვევით თითი გაიჭრას.  ხარისხიანი პროდუქტი შედგება 10, 20 ან შეიძლება უფრო მეტი კომპონენტისგან და თუ 20-ივე კომპონენტი ხარისხიანია მაშინ არის პროდუქტი ხარისხიანი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული კომპანიების უმეტესობას მოუწევთ თავიანთი პროდუქტის ნაკლებ ფასად ექსპორტი, ნაკლები ფასი ნაკლები მოგებაა, ნაკლები მოგება ნაკლები რეინვესტიციაა და ა. შ.

დაგვიკავშირდით
Konstantine.Vekua@nergeta.ge